შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა
24-03-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. „ბიოს“ მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის და კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია გაიმართა.
კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მათი ჯანმრთელობისთვის ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ ასევე მომზადებულია საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.
ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე, რგოლებში მონაწილე ექიმები – ნარკოლოგი თათა ასათიანი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, სექსოლოგი ანდრო კანდელაკი და ექსპერტ-ნარკოლოგები გელა ლეჟავა და ზურაბ სიხარულიძე ესწრებოდნენ.